გიორგი ქობულია: საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით გამოირჩევა, რაც კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ
გიორგი ქობულია: საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით გამოირჩევა, რაც კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ
15:45 12.12.2018
„საქართველო მსოფლიო მასშტაბით ბიზნესის კეთების სიმარტივით გამოირჩევა, რაც არა მხოლოდ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ გავაუმჯობესოთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას საქართველოს ბიზნესასოციაციის 50-ზე მეტი მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი პირი დაესწრო. შესავალ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გაამახვილა, როგორიცაა სასამართლო სისტემის, კაპიტალის ბაზრის განვითარების, გადახდისუუნარობის რეფორმები და სხვ.

გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას დიდ ყურადღებას აქცევს და სამომავლოდ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას აპირებს.

„დღეს ძირითად გამოწვავაა საქართველოს კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ორი ძირითადი ფაქტორი, როგორიცაა მუშახელის კვალიფიკაცია და ლოგისტიკური უპირატესობა. თუ ჩვენ არ გავზრდით მუშახელის კვალიფიკაციას, ინვესტიციებისა და ბიზნესის აქტივობის ზრდის ტემპების დაჩქარება გაგვიჭირდება,“ - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, მთავრობა ასევე პრიორიტეტულად ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემების განვითარებას მიიჩნევს, რომელიც ქვეყანას ხელს შეუწყობს, შეიძინოს ახალი ეკონომიკური ფუნქციები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესასოციაციის წევრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სურვილი გამოთქვა, რომ ეს კომუნიკაცია კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გაგრძელდეს.

გიორგი ქობულიას მისალმების შემდეგ, შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა.
შეხვედრას ბიზნესასოციაციაში ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე, ლაშა მიქავა და აკაკი საღირაშვილი, აგრეთვე ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ნინო ჩიქოვანი დაესწრნენ.

ბეჭდვა