ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების
პრობლემური სესხები, რომლებმაც პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვეს, 1%-ზე ნაკლებია.
მისი თქმით, აღნიშნული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვისაც, საუბარია, დაახლოებით, 10 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე, იგივე პირობები იყო შეთავაზებული, რა პირობებიც შეთავაზებულ იქნა სხვა საბანკო და არასაბანკო საფინანსო დაწესებულებებისთვის.
„მათ არ ისურვეს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა. ეს მათი არჩევანი და სურვილია. ამავე დროს, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ისინი სოციალურ პასუხისმგებლობას გამოიჩენდნენ და გარკვეული კატეგორიისთვის, მაგალითად, სოციალურად დაუცველებისთვის, ისინი 2000 ლარამდე სესხებს ჩამოაწერდნენ. მათი მხრიდან ასეთი ქმედება მისასალმებელია. მათ საგადასახადო კოდექსში გარკვეული საკითხების დაზუსტება ითხოვეს. ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ და მიმდინარე სამუშაო პროცესში აღნიშნული საკითხები, რაც იყო თხოვნა მათი მხრიდან, გათვალისწინებული იქნება. თუმცა მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ დაახლოებით, საუბარია, მთლიანი პრობლემური სესხების 1%-ზე ნაკლებ მოცულობაზე, ვინც არ მოხვდა ამ თანამშრომლობის სფეროში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
