„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.7 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო და ზრდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა.
კერძოდ, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში, მშენებლობის სექტორში, ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობის, უძრავი ქონების, ვაჭრობის და სხვ სექტორებში.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში (ოქტომბრის თვეში) 15 პროცენტით გაიზარდა საქონლის ექსპორტი და 303 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ასევე გაიზარდა შემოსავლები ტურიზმიდან - ზრდამ 14.1 პროცენტი, ხოლო შემოსავლებმა 246 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, ოქტომბერში 11.0 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 116.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე, საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებელზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 13.9 პროცენტით აღემატება.
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, რასაც თავის მხრივ პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე.
„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და მიმდინარე რეფორმებზე კიდევ უფრო ზრდის ინვესტორთა ნდობას,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
მან ყურადღება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტზე გაამახვილა, რომელიც მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს დასრულდა.
„მისიის ვიზიტის ფარგლებშიც კიდევ ერთხელ პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. სავალუტო ფონდის შეფასებით, არსებული ეკონომიკური მდგომარეობა შესაძლებელს ხდის განხორციელდეს ისეთი რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საგარეო შოკებისადმი მდგრადობას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას, დააჩქარებს კერძო სექტორით განპირობებულ ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის მოსახლეობის ცხოვრების დონეს,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
