აკაკი საღირაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო
აკაკი საღირაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო
10:14 20.11.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მე-17 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქმენეთის დედაქალაქ აშგაბატში გაიმართა. მინისტერიალს CAREC-ის 11 წევრი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების, ფინანსური ინსტიტუტების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტერიალის სხდომის ფარგლებში განხილული იქნა CAREC-ის ინტეგრირებული სავაჭრო დღის წესრიგი (CITA 2030) და მისი შესაძლო ზეგავლენა წევრ ქვეყნებზე. მინისტერიალზე მიღებულ იქნა ზემოაღნიშნული დოკუმენტი და მისი იმპლემენტაციის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა. მიღებულ იქნა მინისტრთა ერთობლივი განცხადება.

მინისტერიალის ფარგლებში, აკაკი საღირაშვილმა შეხვედრები გამართა აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტთან, უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის პირველ მოადგილესთან, თურქმენეთის რკინიგზის მინისტრთან და სხვებთან.

ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. მათ შორის განხილული იყო ქვეყნებს შორის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვა/გადაყვანების გაუმჯობესების და სამომავლო პერსპექტივების საკითხები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა აღნიშნული ქვეყნებიდან და მათი მიმართულებით გადაზიდული ტვირთების საქართველოს გავლით ტრანსპორტირების შესაძლებლობებს.
ბეჭდვა