გიორგი ქობულია: ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიური, ინოვაციური ბიზნესი, რომლებიც ძალიან მაღალ ღირებულებას შექმნის
გიორგი ქობულია: ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიური, ინოვაციური ბიზნესი, რომლებიც ძალიან მაღალ ღირებულებას შექმნის
09:53 20.11.2018
ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა გამოაცხადა.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ გახსნა, ღონისძიებას სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და წინა პროგრამის გამარჯვებული სტარტაპერები დაესწრნენ.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ქობულიამ „მსოფლიო ბანკს“ და მის გუნდს საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპების ხელშეწყობის კუთხით გაწეული სამუშაოსთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

გიორგი ქობულიამ თავის გამოსვლაში საქართველოში ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციური პროდუქტების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა მცირე ეკონომიკაა, ამიტომ ის ვერ იქნება ორიენტირებულნი ფართომასშტაბიან, დიდ ეკონომიკურ პროექტებზე. „ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საშუალო და მცირე ზომის, მაღალი დამატებითი ღირებულების ბიზნესებს და პროექტებს. ამ თვალსაზრისით, რას თქმა უნდა, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება ძალიან დიდ როლს თამაშობს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიური, ინოვაციური ბიზნესი, რომლებიც შექმნის ძალიან მაღალ ღირებულებას, იქნება ექსპორტზე ორიენტირებული, პარალელურად კი ქვეყანას უცხოურ ვალუტას მოუტანს, რაც დღესდღეობით ძალიან გვჭირდება, და გახდება მაღალპროდუქტიული სამუშაო ადგილების შექმნის საფუძველი გახდება“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამა საქართველოში უკვე მეორედ ცხადდება, საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი ორ მილიონ ლარს შეადგენს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.

კონკურის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის.

ეკონომიკისა და მდგრადი მდგრადი განვითარების მინისტრმა კონკურსის მონაწილეებს წარმატება უსურვა. ამასთან, გიორგი ქობულიას თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა მონაწილეობა გამარჯვებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ, მერწმუნეთ, ნამდვილად ყველა მონაწილე მიიღებთ უნიკალურ გამოცდილებას, რაც მომავალში გამოგადგებათ - ცოდნის შეძენის, ასევე ახალი კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით“, - აღნიშნა მან.

ბეჭდვა