ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამა გამოაცხადა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამა გამოაცხადა
20:24 19.11.2018
ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეორედ გამოაცხადა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გახსნა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გახსნას დიპლომატიური კორპუსისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე წინა პროგრამის გამარჯვებული სტარტაპერები ესწრებოდნენ.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.
თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანადაფინანსების ვებპორტალზე www.grants.gov.ge

ბეჭდვა