მალტის მთავრობამ, სინგაპურისა მთავრობასა და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიმდინარე წლის ნომინაციაში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკრუინგო კომპანია Queensway Navigation Co. Ltd-ის კუთვნილებაში არსებული გემის MT Seapower-ის ეკიპაჟის წევრები წარადგინეს. მათ გასული წლის 26 ივნისს უამინდობის გამო გასაჭირში მყოფი ტანკერ Rama 2-ის ეკიპაჟის ცამეტი წევრის კოორდინირებულ სამაშველო ოპერაციებში სამაგალითო ძალისხმევა და გამბედაობა გამოავლინეს.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დაჯილდოების ცერემონია ქალაქ ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სათაო ოფისში მიმდინარე წლის 6 დეკემბერს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ საკრუინგო კომპანია Queensway Navigation Co. Ltd საქართველოში მეზღვაურთა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია - კომპანიის გემების 90% ქართველი მეზღვაურებით არის დაკომპლექტებული. გემ MT Seapower-ის ეკიპაჟის 17 წევრიდან 16 საქართველოს, ერთი კი უკრაინის მოქალაქე იყო, გემის კაპიტანი - ლევან მამალაძე.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მეზღვაურებს ყოველწლიურად აჯილდოებს. საქართველოსთვის აღნიშნული სახის ჯილდო პირველი არ არის - 2015 წლის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ტრაგიკულად დაღუპული არქიმანდრიტი ილია კარტოზია ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვა.
არქიმანდრიტი ილია კარტოზია 2014 წლის 28 დეკემბერს, იტალიურ ბორან „Norman Atlantic”-ზე გაჩენილი ხანძრის დროს გარდაიცვალა. გემზე ხანძრის გაჩენის დროს ბორტზე 487 მგზავრი, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქე და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. მამა ილია იტალიაში, ქ. ბარიში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა, უბედური შემთხვევის დროს, როდესაც ცეცხლმოკიდებული გემიდან მაშველებს სამაშველო ნავზე გადაჰყავდათ, მან თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა. სამწუხაროდ, მამა ილიას გადარჩენა მაშველებმა ვეღარ მოახერხეს.
საქართველო ამაყობს ქართველი მეზღვაურების მიერ გამოვლენილი სიმამაცით, რამაც 13 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, ამ შემთხვევას დიდი რეზონანსი ჰქონდა საერთაშორისო საზოგადოებაში. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი მეზღვაურების სიძლიერეს, გამბედაობას და მაღალ პროფესიონალიზმს.
