ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო
11:21 14.11.2018
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით, ჩინეთში, ქალაქ შანხაიში უმსხვილესი საერთაშორისო იმპორტის გამოფენა (China International Import Expo – CIIE) გაიმართა, სადაც საქართველოს განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, მონაწილეობა 52-მა კომპანიამ მიიღო, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებმა, რომლებმაც თავიანთ საექსპორტო პროდუქცია ფართო საზოგადოებას გააცნეს და საერთაშორისო მსხვილ კომპანიებთან მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარეს.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოფენა ძალიან მასშტაბური და წარმატებული იყო ქართული კომპანიებისთვის, რადგან დღეის მდგომარეობით უკვე 20 მლნ დოლარის ხელშეკრულებებია გაფორმებული.

კომპანიის „გეფერინი“ პროდუქციაზე (ჩანთები, სადულეები, ფეხსაცმელი და.ა.შ.) ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. აღსანიშნავია, რომ 2 მნიშვნელოვან ონლაინ საიტზე დაიდება მათი პროდუქცია, მათ შორის KAOLA.COM (მხოლოდ იმპორტირებული პროდუქციისთვის) ,რომელიც ძალიან კარგი პლატფორმაა ზემოაღნიშნული პროდუქციის გასაყიდად. 10 ქსელური მაღაზია დაინტერესდა გეფერინის პროდუქციით თავიანთ სავაჭრო ქსელში განთავსებით, ამასთანავე, მაღაზიის გახსნაზეც აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მოლაპარაკების წარმატებულად დასრულების შემთხვევაში მაღაზია გაიხსნება შონგშენის პროვინციაში. უკვე მოაწერეს ხელი 10 000 ცალი სხვადასხვა ტიპის საქონლის გაყიდვის ხელშეკრულებას.

კომპანიის „ელსელემა“ წარმომადგენლები გამოფენაზე შეხვდნენ დანიურ კომპანიას, რომელიც აუთსორსზე გაიტანს გარკვეული საქონლის შეკერვას და ელსელემა დაუმზადებს პროდუქციას. ადგილობრივმა კომპანიამ შეთავზა მაღაზიის გახსნა ჩინეთში. აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

ქართული ლუდის კომპანიამ რამდენიმე მემორანდუმი გააფორმა ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებში მოღვაწე კომპანიებთან, რომლის თანახმადაც კომპანიები 2019 წელს შეისყიდიან რამდენიმე მილიონ ბოთლ ლუდს.
კომპანიამ „კახური ტრადიციული მარანი“ (KTW) ბიზნესკავშირები დაამყარა იაპონურ კომპანიასთან, რომლის თანახმადაც დიდი რაოდენობით ქართული ღვინის ექსპორტი იაპონიაში განხორციელდება.
კომპანიამ „ბარამბო“ ერთ-ერთ ჩინურ უმსხვილეს კომპანიასთან, რომელიც ადგილზე 118 სავაჭრო წერტილის მფლობელია, ხელი მოაწერა მილიონი დოლარის ღირებულების მემორანდუმს, რაც იმას ნიშნავს რომ მომავალი წლიდან ჩინეთში ერთ-ერთი პროვინცია, ადგილობრივ ქსელურ მარკეტებში მომხმარებელს მიაწვდის ბარამბოს ტკბილეულს. აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს, ასევე - მეორე სერიოზულ რითეილ-კომპანიასთან, რომელიც დაინტერესებულია „ბარამბო“-ს პროდუქციით.

ამასთანავე, ქართული სერვისების კუთხით ძალიან დიდი ინტერესი იყო. მაგალითისთვის - კომპანიის „ტაბლა“ სერვისით დაინტერესდა და მოლაპარაკებებს აწარმოებს ისეთ დიდ რესტორნების ქსელთათ „Harvest Festiva” რომელსაც მხოლოდ შანხაიში 100 რესტორანი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის საბოლოო შედეგები და ციფრები, რადგან ბევრი კომპანია პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან ახლაც აწარმოებს მოლაპარაკებებს.


ბეჭდვა