ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ტექნოპარკში 30-მდე სტარტაპ
კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ინოვაციების ეკოსისტემის გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სტარტაპების მხარდამჭერ სამომავლო პროექტებზე წარიმართა.
„ჩვენ გვქონდა ძალიან თავისუფალი, გახსნილი დისკუსია. ჩვენ დავპირდით სტარტაპებს, რომ ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს აღმოვფხვრით. ასევე, ბევრი წინადადება მოვისმინეთ, როგორ უნდა იყოს საერთაშორისო პრომოუშენი ჩვენი სტარტაპებისთვის, როგორ დავაკავშიროთ ისინი სტარტაპებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში და ინოვაციების ეკოსისტემასთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრები უფრო ხშირად და რეგულარულად გავმართოთ,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დისკუსიის დროს გადაწყდა, ჩამოყალიბდეს მუდმივმოქმედი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც თანამშრომლობა საჯარო სექტორსა და სტარტაპ კომპანიებს შორის უფრო ინტენსიური და ნაყოფიერი იქნება.
დისკუსიაში ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ლაშა მიქავა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ავთანდილ კასრაძე მონაწილეობდნენ.
