საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის დღეს, 35 მლნ ევროს ოდენობის
ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე შეთანხმება გაფორმდა.
შეთანხმებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დემოგრაფიული და სოციალური დეპარტამენტის დირექტორმა, მარი პიერ ნიკოლეტმა მოაწერეს ხელი.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული ფინანსური რესურსი საქართველოს მთავრობის მიერ სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის მიზნითაა გამოყოფილი.
AFD-ის მიერ მხარდაჭერილი სოციალური კეთილდღეობის პროგრამა შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:
• სოციალური მხარდაჭერისა და სოლიდარობის სისტემის განვითარება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადეკვატური მომსახურების გაწევა;
• ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფა;
• იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გამოყოფილი რესურსების ოპტიმიზაცია, რომელიც გულისხმობს სულ ცოტა 20 ავარიული შენობის დახურვასა და მინიმუმ 350 ოჯახის შესაბამის საცხოვრებელში განთავსებას და სხვა.
AFD მზად არის საქართველოსთან სოციალურ სფეროში 3-წლიანი პროგრამის ფარგლებში ითანამშრომლოს. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი, ჯამურად 105 მლნ ევრომდე იქნება.
აღნიშნული თანხები ბიუჯეტის მხარდამჭერ ფინანსურ რესურსს წარმოადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
