ნათია თურნავამ ენერგოეფექტურობის შესახებ კონფერენცია გახსნა
ნათია თურნავამ ენერგოეფექტურობის შესახებ კონფერენცია გახსნა
13:41 01.11.2018
პროექტის „ენერგოაუდიტორების ტრენინგი და სერტიფიცირება, შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია“ წარმატებით დასრულებას 1-ელ ნოემბერს კონფერენცია მიეძღვნა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ გახსნა. პროექტი დანიის სამეზობლო პროგრამის „საქართველოში ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგეტიკის მხარდაჭერის“ ფარგლებში განხორციელდა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტისა და ახალციხის, ბოლნისის, ზუგდიდის, ქუთაისის, რუსთავის მუნიციპალიტეტებისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. შედეგად, საზოგადოებრივ შენობაში 65 ენერგომონიტორინგი ჩატარდა, 40-მა სპეციალისტმა ენერგოაუდიტორთა მომზადების პრაქტიკული კურსი გაიარა, ხოლო 50 საზოგადოებრივ შენობაში ენერგოაუდიტი ჩატარდა.

გარდა ამისა, 66 შენობის მენეჯერმა ახალციხის, ბოლნისის, ქუთაისის, რუსთავის, თბილისისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან მონაწილეობა მიიღო ცნობიერების ამაღლების კამპანიასა და ენერგომონიტორინგის დანერგვაში. შენობების მართვისა და ექსპლუატაციის პროცესში ენერგოეფექტური ღონისძიებების წარმატებით დანერგვისათვის, ცნობიერების კამპანიაში ჩართული შენობების მენეჯერებს ჯილდოები გადაეცათ.

პროექტების მსვლელობისას მიღწეული შედეგების გარდა, დასკვნით კონფერენციაზე საქართველოში ენერგოეფექტური ღონისძიებების დაფინანსების სამომავლო ნაბიჯები იქნა განხილული.

აღსანიშნავია, რომ დანიის სამეზობლო პროგრამის ადმინისტრირება ჩრდილოეთის ქვეყნების გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაციის (NEFCO), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) მიერ ხორციელდება. ის მიზნად საქართველოში ენერგოეფეტურობისა და განხლებადი ენერგიების განვითარებას ისახავს.

ბეჭდვა