საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის/ჰარმონიზაციის
ცენტრისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, PEMPAL-ის (Public Expenditure Management Peer Assisted Learning) პროგრამის ფარგლებში, საქართველო საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს, რომელსაც ცენტრალური აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 27 ქვეყნის, დაახლოებით, 75 დელეგატი ესწრება.
დღევანდელი ფორუმი სასტუმრო „ბილტმორში“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა გახსნეს.
PEMPAL-ი მსოფლიო ბანკის მიერ დაფუძნებული გაერთიანებაა, რომელშიც სახელმწიფო ხარჯების მართვის სფეროში მოღვაწე საჯარო მოხელეები არიან გაწევრიანებულები და მისი მიზანია, ცენტრალური აზიისა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
ფინანსთა სამინისტორს პრესსამსახურის ცნობით, ფორმატი საჯარო ფინანსების მართვის სამი კომპონენტის ირგვლივ გაერთიანებულ სამუშაო ჯგუფებს მოიცავს: სახაზინო, საბიუჯეტო და შიდა აუდიტის მიმართულებით.
„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ფორუმი ტარდება, რომელიც შიდა აუდიტის დანერგვის საკითხებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ამ მიმართულებით კარგი გამოცდილება გვაქვს, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმებია დარჩენილი, ამიტომ აღნიშნული შეხვედრა როგორც ჩვენ, ისე მასში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს, დაეხმარებათ პრაქტიკაში რეფორმები დანერგონ, რომელიც შიდა აუდიტის, მათ შორის, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების დანერგვასთან არის დაკავშირებული, რაც საბოლოოდ, საჯარო ფინანსების ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. PEMPAL-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ, რათა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ, თუ როგორ ვმართოთ ეფექტიანად საჯარო ფინანსები. მოგეხსენებათ, საჯარო სამსახურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვალეობა, კორუფციისა და საზოგადო სახსრების არასწორად გამოყენების გამოწვევების დაძლევაა. შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ შესწავლილი და გაზიარებული ის პრაქტიკა იქნება, რომლებიც უზრუნველყოფს საჯარო სახსრების ეფექტიან გამოყენებას“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.
„ჩვენ ვიმყოფებით PEMPAL-ის შიდა აუდიტის საზოგადოების პრაქტიკულ შეხვედრაზე. ჩვენ ვიკრიბებით გამოცდილების გასაზიარებლად, პრობლემების გადაჭრის გზების იდენტიფიცირებისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს თამამი ნაბიჯების გადადგმა საჯარო სექტორსა და კონკრეტულად შიდა აუდიტში რეფორმების განსახორციელებლად. ვაპირებთ, განვიხილოთ საჯარო სექტორის შიდა აუდიტის მნიშვნელობა და გავლენა. ასევე, განვიხილოთ, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ უფრო ეფექტიანად, რათა მივიღოთ შესაბამისი შედეგები და ხარისხიანი სერვისები მოქალაქეებისთვის. საქართველო შიდა აუდიტის საზოგადოების პრაქტიკულ სამუშაოებში ძალიან აქტიურად იყო ჩაბმული, მისი დაარსებიდან - 2006 წლიდან, პროგრესული რეფორმებისა და ძირითადი მიღწევების დემონსტრირებით. საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების გარდა, საქართველოში შეხვედრის ერთ-ერთი მიზეზი არის იმის სურვილი, რომ გამოცდილება ჩვენი მასპინძელი ქვეყნისგან შევიძინოთ, რომელმაც უკვე მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ვართ, გამოწვევები, რომლის წინაშეც ქვეყანა დგება საჯარო სექტორის რეფორმების, საჯარო ფინანსური მენეჯმენტის რეფორმებისა და შიდა აუდიტის რეფორმების პროცესში, მაინც იდენტურია. შესაბამისად, გაკვეთილი, რომელიც კონკრეტულმა სახელმწიფომ უკვე შეისწავლა, სხვა ქვეყნებისათვის ძალიან გამოსადეგი და გამოყენებადია“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის პროექტის მენეჯერმა, არმან ვატიანმა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ფორუმი, რომლის ორგანიზებაში, ასევე, აქტიურად იყო ჩართული გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 2 ნოემბრამდე იმუშავებს. ოქტომბერში, იგივე ორგანიზაციის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა შიდა კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საქართველომ შიდა აუდიტის მიმართულებით PEMPAL-ის პლენალურ შეხვედრებს 2013 წელსაც უმასპინძლა.
PEMPAL-ი (Public Expenditure Management Peer Assisted Learning) პროგრამა მსოფლიო ბანკმა 2005 წელს დააფუძნა. პროგრამის მიზანია, სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში დასაქმებულ მოხელეთა ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების გზით კვალიფიკაციის ამაღლება. პროგრამა დღეს უკვე ცენტრალური აზიისა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 27 ქვეყნის წარმომადგენელს აერთიანებს.
