საქართველოში არსებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონების (თიზ) მდგომარეობაზე მსჯელობდნენ დღეს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში. კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ბეგაძე ინდუსტრიული ზონების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
თიზ-ების წარმომადგენლებმა ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ მოგების გადასახადის შემცირების შემდეგ გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები ინდუსტრიული ზონის გარეთ და შიგნით ინვესტირებასთან დაკავშირებით. კერძოდ, პრობლემას წარმოადგენს თიზ-ში წარმოებული საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე გატანის შემთხვევაში იმპორტის 4%-იანი გადასახადი და სხვა საკითხები, რომლებიც ხელისუფლების ჩარევას და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს.
შეხვედრაზე ითქვა, თუ რა ტიპის ცვლილებები უნდა განხორციელდეს არსებულ კანონში და რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტები.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, -„თავისუფალი ეკონომიკის ქვეყანაში, რომელსაც უნდა ბაზრის თავისუფლებით და გადასახადების სიმცირით მოიზიდოს ზოგადად ინვესტიციები, თავისუფალი ზონების არსებობას კიდევ უფერო მკაფიოდ გამოკვეთილი უპირატესობები სჭირდება, რომელიც თანხვედრაში იქნება საერთო სურათთან. თუ ჩვენ ვაპირებთ ეს მიმართულება გავაძლიეროთ და უფრო ეფექტური გავხადოთ, მაშინ აქ საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილებები და ინსტიტუციონალური კოორდინაციის გაძლიერება. რადგანაც ის კანონი, რომლითაც ეს სფერო დღეს რეგულირდება, შეიქმნა იმ პირობებში, რომლის შემდეგაც ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ის რეალობას ადეკვატურად აღარ ასახავს“.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების წარმომადგენლები მოამზადებენ იმ შესაძლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც მათი აზრით უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. ამ წინადადებებს კომიტეტი შესაბამის უწყებებთან ერთად განიხილავს და მოამზადებს საკითხს საკომიტეტო მოსმენისთვის.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ყულევის და ფოთის ინდუსტრიული ზონების წარმომადგენლები.
