ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ ოპოზიციას მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან დაფინანსებული პროექტები გააცნო.
აღნიშნული საკითხით ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს, რიგგარეშე სესიაზე საბიუჯეტო ცვლილებების განხილვის დროს კიდევ ერთხელ დაინტერესდნენ და ხელისუფლება სარეზერვო ფონდებიდან „ფულის შეჭმაში“ დაადანაშაულეს.
მინისტრის თქმით, საბიუჯეტო მოწყობის პრინციპებიდან გამომდინარე ყველაფერი, რაც საიდუმლო არ არის, საჯაროა. ამიტომ დეპუტატებს შეუძლიათ ნახონ რაში იხარჯება ეს თანხები.
გვინდაძის თქმით, ფონდებიდან დაფინანსდა საქართველო–აშშ–ს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საგზაო, წყალმომაგარების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები; თბილისში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის აღდგენა; ჯილეხის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება; ასევე, თანხა გამოიყო უცხოეთში საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.
„ეს თანხები ასევე დაიხარჯა ზოგ რეგიონში განსაკუთრებით საშიში მავნებლების წინააღმდეგ ღონისძიებების გატარებაში, სპორტის სხვადასხვა სახეობებში გამარჯვებულ სპორტსმენებისთვის ფულადი ჯილდოების გადაცემაში; ასევე, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლის გამო ფეხბურთის 17–წლამდე ნაკრების წევრების დაჯილდოვების ცერემონიალისთვის, სარეზერვო ფონდიდან ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის განახლებული ექსპოზიცია დაფინანსდა; ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში ჩატარებული ხარჯები, თანხა საერთაშორისო იურიდიული მომსახურების ხარჯებისთვისაც გამოიყო“ – აღნიშნა გვინდაძემ.
