ინდონეზიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში,
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატერინა მატერნოვას შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაესვა სექტემბრის დასაწყისში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ახალი, 45 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მნიშვნელობას.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერის მიზანია, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობა საგარეო რისკების მიმართ კიდევ უფრო გაძლიერდეს და ქვეყანაში ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას ხელი შეეწყოს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე და ამ მიმართულებით საგარეო საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ახალი ინსტრუმენტების გამოყენების პერსპექტივაზე.
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს ხაზი გაუსვა. მან ასევე ქვეყანაში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების მიზნით ევროკავშირის მხრიდან გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერაზე ისაუბრა.
მხარეებმა ასევე, ევროკომისიასთან თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.
