ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს
13:16 08.10.2018
ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი 8-14 ოქტომბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში (Annual Meetings 2018) მონაწილეობას მიიღებს, რომელიც ინდონეზიაში იმართება.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი სხვადასხვა მაღალი დონის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. იგი მინისტერიალზე სიტყვით გამოვა, რომელიც მსოფლიო ბანკის ახალ გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ“ უკავშირდება და განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში ინტენსიური რეფორმების განხორციელებას ითვალისწინებს.

საქართველო დაახლოებით 20 ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც აღნიშნული პროექტის ინიცირება პირველად დაიწყება. საქართველო შერჩეულ 5 ქვეყანასთან და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ კიმთან ერთად, აღნიშნულ ინიციატივას ოფიციალურად წარადგენს.

მსოფლიო ბანკის მხრიდან აღნიშნული ინიციატივის განხორციელების მიზნით მრავალმხრივი მხარდაჭერა იგეგმება. საქართველოს პროექტში მონაწილეობა აღნიშნულ სექტორში რეფორმირების აქტიური ინიცირებითაა განპირობებული.

ვიზიტის ფარგლებში, ივანე მაჭავარიანი, ასევე, მაღალი დონის ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს. კერძოდ, ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის, ასევე, მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცეპრეზიდენტებს შეხვდება.

შეხვედრების ფარგლებში საუბარი შედგება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე.

ბეჭდვა