ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ გლობალური
ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, რომელთა შორისაც არიან ქუვეითის პრინცესა, შეიხა ჰესსა საად ალ-აბდულა ალ-საბაჰი და ნიგერიის დედოფალი, მისი აღმატებულება ზაინაბ ოტიტი ობანორი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში საქართველოს ეკონომიკური ვითარებაზე, მიმდინარე რეფორმებსა და განვითარების პრიორიტეტული მიმართულებებზე, ასევე საქართველოს ლიბერალურ საგადასახადო კანონმდებლობასა და ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა.
„მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო საქართველოში უცხოელი ინვესტორების ოპერირებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი ტენდენცია ამის დასტურია. უცხოელ ინვესტორებს საქართველო სთავაზობს საინვესტიციო შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმზიდველ სექტორში. მათ შორის, სასტუმროების, უძრავი ქონების, წარმოების, ლოგისტიკის, IT და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მიმართულებით“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
ფორუმის მონაწილეებს საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია ეკონომიკური კანონმდებლობის, ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების, საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ და სხვ.
