ნათია თურნავა: რეფორმის შედეგად გაზის ბაზარი უფრო კონკურენტული, მომხმარებელი კი უფრო დაცული გახდება
ნათია თურნავა: რეფორმის შედეგად გაზის ბაზარი უფრო კონკურენტული, მომხმარებელი კი უფრო დაცული გახდება
17:26 04.10.2018
თბილისში დღეს ბუნებრივი გაზის ბაზრის რეფორმირების საკითხებზე მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსია გაიხსნა. 2-დღიანი ღონისძიება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ განხორციელებული EU4Energy Governance პროექტის „ევროკავშირი ენერგეტიკისთვის მმართველობა“ ფარგლებში მიმდინარეობს. გაზის ბაზრის მთავარი თემა ბუნებრივი გაზის ბაზრის რეგულირება და იმ შესაძლებლობების განხილვაა, თუ როგორ უნდა მოხდეს რეფორმირების შედეგად საქართველოს მოსახლეობისა და ბიზნესისთვის მაქსიმალური სარგებელის მოტანის უზრუნველყოფა.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დისკუსიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს ენერგო კანონების ეტაპობრივი ჰარმონიზაციის შესახებ ვალდებულება აქვს ნაკისრი. მისი თქმით, საუბარია როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე, ზოგადად, ენერგეტიკის ბაზარზე უფრო გამჭვირვალე, ევროსტანდარტებთან მისადაგებული და ჰარმონიზებული თამაშის წესების შემოღებაზე, რომლებიც ნებისმიერი ინვესტორისთვის გასაგები იქნება. მისივე თქმით, რეფორმის შედეგად გაზის ბაზარი უფრო კონკურენტული, მომხმარებელი კი - უფრო დაცული გახდება.
„იყოს, უფრო სამართლიანი რეგულირება, იყოს გარკვეულწილად კონკურენცია, მიუხედავად იმისა, რომ გაზის მიმწოდებლების რაოდენობა შეზღუდულია. მაგრამ დისტრიბუციის ნაწილში, იყოს მკაცრი რეგულირება, რაც საბოლოო ჯამში, დაიცავს ჩვენს მომხმარებელს და უზრუნველყოფს ამ ბაზარზე სტაბილურ რეგულაციებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ენერგეტიკული გაერთიანების პროტოკოლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად საქართველომ ვალდებულება აიღო შემდგომი ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის კანონმდებლობის განხორციელებაზე ბუნებრივი გაზის სექტორში. ევროკავშირის ეგრეთწოდებული „მესამე ენერგეტიკული პაკეტის“ დანერგვა ბუნებრივი გაზის სექტორის რესტრუქტურიზაციას და კონკურენციისთვის გახსნას, ასევე მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი სარგებელის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
ღონისძიების გახსნისას, ენერგეტიკული გაერთანების სამდივნოს გაზის განყოფილების უფროსმა, პრედრაგ გრუიჩიჩიმ განაცხადა, რომ აღნიშნული ღონისძიება საქართველოში მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბებას საფუძველს შეუქმნის.

„დღევანდელი ღონისძიება საფუძველს შეუქმნის საქართველოში მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბებას უსაფრთხო და ხელსაყრელი გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად. მხოლოდ საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული სტრუქტურა, რომელიც შედეგად მოიტანს უფრო მაღალი დონის კონკურენციას, ენერგო უსაფრთხოებას, ენერგო მომხმარებლებისთვის მომსახურების გაუმჯობესებას და აგრეთვე, შექმნის ენერგიის დაზოგვის უფრო მეტ შესაძლებლობას“ - განაცხადა პრედრაგ გრუიჩიჩიმ.
ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებაზე მიერთების ოქმის თანახმად, საქართველომ ვალდებულება აიღო დანერგოს ევროკავშირის კანონმდებლობა ბუნებრივი გაზის სფეროში 2020 წლის დასრულებამდე. ე.წ. „ევროკავშირის მესამე ენერგო პაკეტის“ დანერგვა შედეგად ქვეყნის გაზის სექტორის რესტრუქტურიზაციას მოიტანს, ბაზარი გაიხსნება კონკურენციისთვის და უზრუნველყოფს მომხმარებლების მიერ შესაბამისი სარგებელის მიღებას.

ბეჭდვა