საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის წარმატებული თანამშრომლობის საკითხები
ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
ფინანსთა მინისტრმა ევროპის საინვესტიციო ბანკის მტკიცე მხარდაჭერას მაღალი შეფასება მისცა, რომელიც 10 წელზე მეტია ქვეყანაში საჯარო და კერძო სექტორის, მათ შორის, ინოვაციური ბიზნესის განვითარებისკენაა მიმართული.
დღეის მდგომარეობით, ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა, დაახლოებით, 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს. კერძო სექტორში EIB-ის 215,8 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება აქვს გამოყოფილი.
ფინანსთა სამინსიტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, ისეთ სფეროებში მიმოიხილეს, როგორიცაა: საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სატრანსპორტო კომუნიკაცია. აღსანიშნავია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში დამატებით 250 მლნ ევროს გამოყოფას გეგმავს გზების მშენებლობის მხარდასაჭერად.
ფინანსთა მინისტრია განცხადებით, მთავრობისთვის, ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კაპიტალზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის რეფორმის განხორციელება და ამ კუთხით, EIB-ის მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება.
თავის მხრივ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ბანკის მზაობა, გააგრძელოს ქვეყნაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომელთა მიზანია, სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.
