პარლამენტში ენერგეტიკის საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა
პარლამენტში ენერგეტიკის საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა
18:09 24.09.2018
ენერგეტიკის სფეროში ახალი კანონმდებლობის შემუშავებისა და ამ პროცესში ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნათა გათვალისწინების შესახებ დღეს გამართულ შეხვედრაზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები და ენერგეტიკის დარგის სპეციალისტები მსჯელობდნენ.

შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ადგილი ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო.
„ენერგოეფექტურობა არის საკითხი, რომელსაც ახლა მთელი ევროპა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს. დადგენილია, რომ ენერგიის დაახლოებით 40% შენობა-ნაგებობების გათბობას ხმარდება, ამიტომ ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს დანახარჯები შენობა-ნაგებობების გათბობაზე და ამასთანავე გაიზარდოს ალტერნატიული, განახლებადი ენერგიის წყაროების მოხმარების ხვედრითი წილი. ეს ყველაფერი შესაბამისად უნდა აისახოს კანონმდებლობაში. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული მსჯელობა მოგვიწევს თითოეულ იმ ღონისძიებაზე, ვადაზე, შესაბამისობაზე, რომელიც იქ არის დადგენილი. ასევე, სტრატეგიაზე, ენერგოეფექტურობის გამოწვევებზე და სხვა დეტალებზე“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

შეხვედრაზე ენერგეტიკის დარგის სპეციალისტებმა ენერგეტიკის სფეროში ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესზე ისაუბრეს, ასევე ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სისტემური პრობლემების თაობაზე. ჰესების განვითარების, სატარიფო პოლიტიკისა და დარგში არსებულ სხვა მნიშვნელოვან პრობლემებზე. განიხილეს გამოსავლისთვის საჭირო ღონისძიებები. შეხვედრაზე ასევე „ენერგეტიკული სტრატეგია -2030“-ის შემუშავების მიმდინარეობის საკითხზეც იმსჯელეს, რომელსაც მთავრობა ახლო მომავალშიპარლამენტს წარუდგენს.

„როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრები და ევროპის ასოცირებული წევრები, უკვე წლებია ჰარმონიზების კუთხით ვმუშაობთ. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელიც პირველ რიგში უნდა აისახოს ჩვენს სტრატეგიაში, ამასთანავე ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კანონმდებლობაც ახლახან შემოვიდა.

მთლიანობაში ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ცალკე შეხვედრას უშუალოდ სტრატეგიის ფორმირებას მივუძღვნით. ხოლო ექსპერტების მიერ დღეს გამოთქმული მოსაზრებები სწორედ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის მომზადების პროცესში იქნება გათვალისწინებული“, -განაცხადა რომან კაკულიამ შეხვედრის შეჯამებისას.

შეხვედრაში, რომელიც სასტუმრო „რუმს თბილისში“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თემატური სექტორების კოორდინატორი, ალექსანდრე დარასი და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი, იოლანტა ტაჩინსკა მონაწილეობდნენ.

ბეჭდვა