თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტ“-ში „მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა
სამუშაო ჯგუფის“ (“The Study Group for Route Charges) რიგით 58-ე შეხვედრა იმართება, ღონისძიებაში EUROCONTROL-ის 41 წევრი ქვეყნის 75 დელეგატი მონაწილეობს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“, საქართველოს ევროკონტროლში გაწევრიანების შემდეგ პირველად მასპინძლობს ამ რანგის შეხვედრას. გაფართოებული კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, ევროკონტროლის წევრი ქვეყნების დელეგატების გარდა, „მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელების ცენტრალური ოფისის” წარმომადგენლები, ასევე, ექსპერტები სხვადასხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებიდან ესწრებიან.
ევროკონტროლის წევრი სახელმწიფოების სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერების მიერ გაწეული სააერნაოსნო მომსახურების გადასახადს 1971 წლიდან აწესებს და მას ევროკონტროლის საჰაერო ნავიგაციის გადასახდელების ცენტრალური ოფისი აგროვებს. ტარიფების დადგენისა და გადასახდელების მოკრების სქემას გაფართოებული კომიტეტი ზედამხედველობს, რომელიც ევროკონტროლის წევრი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შედგება. ცენტრალიზებული სისტემა სააერნაოსნო პროვაიდერი ორგანიზაციების ბიუჯეტს გამჭვირვალეს და მოწესრიგებულს ხდის.
„დღეს, „საქაერონავიგაცია“ევროკონტროლის იმ ჯგუფის შეხვედრას მასპინძლობს, რომლის მთავარი მიზანია, კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესოს და დახვეწოს სააერნაოსნო მომსახურების გადასახადის მოკრების ცენტრალიზებული სისტემა. ვიმედოვნებთ, რომ ნაყოფიერი შეხვედრა და დისკუსიები გაიმართება, ხოლო მიღწეული შედეგები ერთნაირად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება, როგორც სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერებისთვის, ისე ევროპის საჰაერო სივრცის მომხმარებელი ავიაკომპანიებისა და მათი მგზავრებისთვის”, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა, გოჩა მეზვრიშვილმა.
„მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა სამუშაო ჯგუფის“ შეხვედრას ევროკონტროლი წელიწადში ორჯერ მართავს, ერთი შეხვედრა აუცილებლად ცენტრალურ შტაბბინაში - ბრიუსელში იმართება, მეორეს კი ორგანიზაციის წევრი რომელიმე ქვეყანა მასპინძლობს. ევროკოტროლმა ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის გასამართად მიმდინარე წელს საქართველო აირჩია.
