ახმეტის, ბაკურიანის და ფოთის მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, ადგილზე მიიღონ კვალიფიციური
კონსულტაცია რეგიონში მოქმედი ტურისტული ობიექტების ინტერნეტში განთავსებისა და ონლაინ მართვის მიმართულებით. კონსულტაციები განკუთვნილია ბიზნესებისათვის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროდან. კერძოდ - სასტუმროების, სასტუმრო სახლების და გასაქირავებელი ბინების, კვების ობიექტების, ღვინის მარნებისა და სხვა ტურისტული დანიშნულების ობიექტების მეპატრონეებს საშუალება ეძლევათ ადგილზე კითხვებით მიმართონ კონსულტანტს და ინდივიდუალურად მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, დაარეგისტრირონ საკუთარი ობიექტი Airbnb-ის, booking-ისა და tripadviser-ის ინტერნეტ-პლატფორმებზე, შექმნან და მართონ კონტენტი, რაც, საბოლოოდ, დაეხმარება მათ უკეთ მართონ საკუთარი ბიზნესი, გაზარდონ მომსახურების ხარისხი და მიიღონ მეტი შემოსავალი.
კონსულტაციები ახმეტის, ბაკურიანისა და ფოთის მუნიციპალიტეტში ჩატარდება და 1 თვეს გასტანს.
კონსულტაციები პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისათვის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ერთ-ერთ კომპონენტს. პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“ ახორციელებს.
