ექსპერტი პაატა კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ სტიქია, რომელმაც საქართველოს რამდენიმე რეგიონი დააზარალა, სოფლის
მეურნეობის ბაზარსა და მთლიანად ეკონომიკაზე გავლენას აუცილებლად იქონიებს.
როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების წილი მთლიან შიდა პროდუქტში, რომელიც შარშან 8,3% იყო, წელს საგრძნობლად შემცირდება და დაახლოებით, 4-4,5% მაქსიმუმ 5% იქნება.
ექსპერტი აცხადებს, რომ კახეთი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, საიდანაც ქვეყნის ბაზარი ბაღჩეულით, ბოსტნეულითა და ყურძნით მარაგდებოდა. შესაბამისად, აღნიშნულ რეგიონში მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურების გამო, სოფლის მეურნეობის პროდუქტი გაძვირდება და იმპორტი მოიმატებს.
„სულ რამდენიმე დღეა სტიქია მოხდა და პროდუქციაზე ფასები უკვე გაიზარდა“-განაცხადა ექსპერტმა.
მისივე თქმით, დაზარალებულ რეგიონებში მძიმე მდგომარეობაშია ვაზი და ხეხილის ნარგავები და რთული სათქმელია, მომავალ წელს იქნება თუ არა მოსავალი. ამიტომ, ხელისუფლების მიერ დაზარალებული მოსახლეობისთვის პესტიციდებისა და შხამ-ქიმიკატების დარიგება კოღუაშვილს მართებულად მიაჩნია, თუმცა, აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროს დასახმარებლად ეს ღონისძიება არასაკმარისია.
„ამ სტიქიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაზღვევის აუცილებლობა. სოფლის მეურნეობა სხვა სფეროა, აქ ულტრალიბერალური იდეები დადებით შედეგს არ იძლევა“ - აღნიშნა ესპერტმა და დასძინა, რომ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მსგავსად, სახელმწიფომ სადაზღვევო სისტემის ფორმირებას ხელი უნდა შეუწყოს და საწყისი კაპიტალის შეტანაში მონაწილოება მიიღოს.
ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს სპეციალური ფასის პოლიტიკა, ასევე, უნდა არსებობდეს კანონი მინიმულური ფასის შესახებ.
„ახლა სახელმწიფო ვეღარაფერს გააკეთებს, რადგან მას შესაბამისი ბერკეტები არ აქვს - არ გააჩნია კანონი ფასთა პარიტეტის დაცვისა და დადგენის შესახებ, არ არსებობს სადაზღვევო სისტემა. სახელმწიფოს მარკეტინგული კოოპერირების სისტემის ჩამოყალიბებაშიც უნდა მიეღო მონაწილეობა. ეს დარგი, პრაქტიკულად, ბედის ანაბარაა მიგდებული. საუბარი აგრარულ მთავრობაზე ტყუილია“ - განაცხადა კოღუაშვილმა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ამოცანა გლეხის სოფლიდან აყრა, შემდეგ კი - სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვაა. მან ამის დასტურად ის ფაქტი მოიყვანა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონში ის მუხლები გააუქმა, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს მის შესყიდვას უკრძალავდა ან უზღუდავდა.
19 ივლისს, სტიქიამ საქართველოს რამდენიმე რეგიონი-კახეთი, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთი დააზარალა. ძლიერი წვიმის შედეგად, რომელსაც თან სეტყვა და ქარიშხალი ახლდა, განადგურდა ხილის და ბოსტნეულის მოსავალი, ვაზი, დაიტბორა ნათესები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
