დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მესამე
მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად იქმნება საკანონმდებლო საფუძველი, რომლითაც წესრიგდება საავიაციო მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური საქმიანობა. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, სპეციალური და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს ემატება სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოების წარმოება, რომელიც მიმართულია ფრენების უსაფრთხოდ შესრულებისკენ.
მესამე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს ავიაკომპანიებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების ჩატარებისა და საქართველოს მიმართულებით არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის ხელშეწყობას.
„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ასევე მესამე მოსმენით განიხილეს დღევანდელ სხდომაზე, მიზნად ისახავს „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ შესაბამისობაში მოყვანას საერთაშორისო კონვენციასთან „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“. კონვენცია ეხება გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის გემთმფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევას ან შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის ვალდებულებას.
სამივე კანონპროექტი კომიტეტს განსახილველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირმა ქავთარაძემ წარუდგინა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.
დღევანდელ სხდომაზე კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში“ მოისმინა. ანგარიში სხდომაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ წარმოადგინა.
მომხსენებელმა ისაუბრა კომისიის სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ. ასევე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტზე, ინტერნეტ მომსახურების ხარისხის კონტროლისა და ამ სექტორის განვითარების პროექტების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა კომისიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.
მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების მიერ დასმულ მრავალრიცხოვან შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხებს, ელექტრონული კომუნიკაციების მიწოდების ხარისხს და სფეროში არსებულ პრობლემებს, რომელთა შესახებაც კომიტეტში მომხმარებელთა არაერთი საჩივარია შემოსული, კერძოდ, საქველმოქმედო ზარებთან დაკავშირებით, საკაბელოებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ და სხვა.
ანგარიშის ცნობად მიღების შესახებ კენჭისყრა კომიტეტის მომავალ სხდომაზე გაიმართება.
