უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანია „ბრითიშ ეარვეისის” - მიმართულებების სიას თბილისი-ლონდონის მარშრუტიც დაემატა.
როგორც ავიაკომპანიის პრესსამსახური იუწყება, თბილისი-ლონდონის მიმართულების ყოველდღიური ფრენები მიმდინარე წლის 13 ოქტომბრიდან დაიწყება და მას აერობუსი A321 შეასრულებს.
28 ოქტომბრიდან ბრიტანეთის ავიახაზები უკვე ყოფილი ბრენდის BMI-ის ალმაატის, ამანის, ბაქოს, ბეირუთისა და ფრიტაუნის ფრენის განრიგებსაც განაახლებს. ყველა ზემოთ აღნიშნულ მარშრუტზე ფრენებს „ბრითიშ ეარვეის”-ის თვითმფრინავები და საბორტო ეკიპაჟი შეასრულებს, რომლებიც მგზავრებს ცნობილი ბრენდის ყველა მომსახურებას შესთავაზებს.
„მოხარულები ვართ, რომ მალე „ბრითიშ ეარვეისი” მგზავრებს ახალ განრიგს შესთავაზებს და მათ შორის იქნება თბილისი-ლონდონის მარშრუტიც, რომელზეც რეისები ყოველდღიურად შესრულდება. საქართველოდან მიმავალ ტურისტებსა და სხვა მგზავრებს საშუალება ექნებათ, ლონდონის გავლით, ბრიტანეთის ავიახაზების გლობალურ მიმართულებებს დაუკავშირდნენ“ - განაცხადა ბრიტანეთის ავიახაზების ახლო აღმოსავლეთის რეგიონალურმა კომერციულმა მენეჯერმა პაოლო დე რენზისმა.
მისივე განმარტებით, ამავედროულად ქართველი მგზავრები ისარგებლებენ ისეთი მომსახურებებით, როგორიც არის ბარგის 23 კილოგრამამამდე ლიმიტი, უფასო ონლაინ-რეგისტრაცია და გაფრენამდე 24 საათით ადრე ბორტზე სასურველი ადგილების შერჩევის შესაძლებლობა.
„ბრითიშ ეარვეისი“ 75 ქვეყნის 150 მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანია მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ავიაგადამყვანია, რომელიც წელიწადში 36 მილიონ მგზავრს ემსახურება.
