საქართველოსა და ჰონკონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება ძალაში მიმდინარე წლის ბოლოს შევა.
„მოხარული ვარ, რომ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ სამიტის ფარგლებში მოხდა საქართველოსა და ჰონკონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება. ნება მომეცით მადლობა გადავუხადო ჰონგ-კონგის მხარეს წარმატებული მოლაპარაკებისთვის, რომელიც ძალიან მოკლე პერიოდში დავასრულეთ. როგორც საქართველო, ისე ჰონგ-კონგი ღია ეკონომიკის სიკეთით სარგებლობს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრი საკითხი ერთნაირად გვესმის, რის შედეგადაც ჩვენს შორის შეთანხმება ძალიან მოკლე დროში მოხდა. ასევე, ძალიან მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე წლის ბოლომდე შევა,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელმოწერა ჰონგ კონგში, „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ სამიტის ერთ-ერთი ცენტრალური ღონისძიება იყო. სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად დავასრულოთ ყველა შიდა პროცედურა, რათა ჩვენს მწარმოებლებს, ჩვენს ექსპორტიორებს რაც შეიძლება სწრაფად მიეცეთ საშუალება ისარგებლონ ამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით. ეს ხელშეკრულება იქნება საშუალება ჩვენი მეწარმეებისთვის, გამოიყენონ ყველა ის უპირატესობა, რაც ამ შეთანხმებას მოაქვს მათთვის,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.
