გიორგი ჩერქეზიშვილი: ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა შეუქცევადია
გიორგი ჩერქეზიშვილი: ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა შეუქცევადია
13:23 02.07.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა შეუქცევადია და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ჩართულობა იყოს მაღალი.

ამის შესახებ მან კონფერენციაზე „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა არის შეუქცევადი, საკმაოდ რთული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა - სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის, მუნიციპალიტეტების და რაც მთავარია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იყოს მაღალი“, - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტის ორგანიზებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში იმართება.

მინისტრმა ისაუბრა ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს ერთობლივი პასუხისმგებლობის საკითხია, მათ შორის, როგორც მძღოლების, ისე სახელმწიფოსი და სამოქალაქო საზოგადოების.

„სახელმწიფოს ვალდებულების საკითხია იმ ნაწილში, რომელზეც ვსაუბრობთ - გარემოს დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა, ასევე ინფრასტრუქტურის და ხარისხის კონტროლის ნაწილი, კერძოდ, საწვავზე ვსაუბრობ - რომ ეს ყველაფერი გამართული იყოს და რეგლამენტები იყოს წესრიგში და იმ შესაბამისობაში, რა ვალდებულებებიც გვაქვს აღებული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. მივესალმებით თქვენი პროექტის დაწყებას და ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება თანამშრომლობაზე დამყარებული“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მან, ასევე, ისაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობა იმ ნაწილში, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს -კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმების ნაწილში.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი ივლისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო. ტექნიკური ინსპექტირების გავლას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები დაექვემდებარებიან.

დღეიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ავტომფლობელს მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ცენტრში შეეძლება.

ბეჭდვა