საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“
მხარდაჭერით, ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილებების ცენტრი (www.c4ibs.com) სასტუმრო „ბილტმორში“ 21 და 22 ივნისს, თემაზე „სასტუმროების მართვა“ საერთაშორისო კონფერენციას ატარებს.
აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი, დამსწრე საზოგადოებას იმ მექანიზმებს გააცნობს, რითაც სახელმწიფო ეხმარება კერძო სექტორის წარმომადგენლებს.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიან ღონისძიებაზე პრეზენტაციებს მსოფლიო ბრენდული სასტუმროების, მათ შორის, „ჰილტონის“, „მარიოტის“, სასტუმროების ჯგუფ „ლუვრის“, „ვინდჰემის“, „ბესტ ვესტერნ ინთერნეიშენელის“ და სასტუმროების ქსელ „აკორის“ აღმოსავლეთ ევროპის, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების და საქართველოს რეგიონალური ხელმძღვანელები ჩაატარებენ.
უწყების ცნობითვე, კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის სამომავლო პერსპექტივები, ციფრული ტექნოლოგიების და ინოვაციური სტრატეგიების დანერგვა სასტუმროს გაყიდვების და მარკეტინგის ეფექტურობის გასაზრდელად.
ერთ-ერთი სესია მიეძღვნება საქართველოს საინვესტიციო გარემოს ტურიზმისა და სასტუმროს ბიზნესის სფეროში.
ღონისძიება განკუთვნილია სასტუმროს მენეჯერებისთვის, მფლობელებისთვის, დეველოპერული კომპანიების ხელმძღვანელებისთვის და კონსულტანტებისთვის. მასში მონაწილეობას მიიღებს 60-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მაისის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში მხარდაჭერილია 47 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 130 მლნ. ლარზე მეტს. აღნიშნული სასტუმროები შექმნიან დამატებით 1300 ოთახს და 1300-ზე მეტ სამუშაო ადგილს.
