მამუკა ბახტაძე: ლომბარდებისთვის ახალი რეგულაციები სავარაუდოდ მაისში დაწესდება
მამუკა ბახტაძე:  ლომბარდებისთვის ახალი რეგულაციები სავარაუდოდ მაისში დაწესდება
17:30 07.05.2018
ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლომბარდებთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია აუცილებლად შემოვა. ამის შესახებ ბახტაძემ Fაცებოოკ-ზე პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.

"პირადად ჩემი განწყობაა, რომ ეს უნდა მოხდეს მიმდინარე თვეს, მაისშივე. ლომბარდები საქართველოში გარკვეულწილად გადაიქცა ჭარბვალიანობის მთავარ პრობლემად. მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც ის გახდა კრიმინალის წამახალისებელი წყაროც. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ის თამაშის წესები, რომელზეც ვისაუბრეთ, აუცილებლად გავრცელდება ლომბარდებზე. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები და ჩვენი მოსაზრებაა, რომ ლომბარდებში უნდა აიკრძალოს როგორც ავტომობილების, ასევე უძრავი ქონების ე.წ. დალომბარდება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ბახტაძე ამ მიმართულებით ოპონენტების არგუმენტაციასაც გამოეხმაურა.

"ჩვენი ოპონენტების მხრიდან აქაც მოვისმინეთ ძალიან სუსტი არგუმენტაცია, რომ თურმე, იმ შემთხვევაში, თუ ლომბარდებს არ ექნებათ ავტომობილების "დალომბარდების" უფლება, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ბიზნესის დაწყების სურვილი, სასტარტო კაპიტალზე წვდომა შეეზღუდებათ. მინდა ვკითხო ჩვენს ოპონენტებს, რომელი წარმატებული ბიზნესპროექტი იცით, რომლის სასტარტო წყარო ლომბარდში ჩადებული ავტომობილი იყო? ეს ასე არაა - სამწუხაროდ, რეგულაციების არარსებობამ, რომელზედაც ვსაუბრობ, წაახალისა ძალიან არაჯანსაღი ურთიერთობები ლომბარდებსა და ჩვენს მოქალაქეებს შორის, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხება ავტომობილებისა და უძრავი ქონების ე.წ. "დალომბარდებას". შესაბამისად, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ლომბარდებს უნდა აეკრძალოთ როგორც მანქანების, ასევე უძრავი ქონების მიღება და მათი საქმიანობის სფერო უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული, და არ უნდა მოიცავდეს ე.წ. რეგისტრირებულ ქონებას. ბუნებრივია, ის საპროცენტო ჭერი და მაქსიმალური ზღვარი, რომელიც დაწესდება, ეს შეეხება ყველა იურიდიულ პირს, რომელიც მუშაობს ფინანსურ სექტორში," -მამუკა ბახტაძემ.

ბეჭდვა