დიმიტრი ქუმსიშვილმა მეიდანზე ქართული სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა
დიმიტრი ქუმსიშვილმა მეიდანზე ქართული სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა
13:38 29.04.2018
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, თბილისის ისტორიულ უბანში, მეიდანზე ქართული სამეწარმეო მარკეტი გაიხსნა, რომელსაც დღეს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვაჟიშვილთან ერთად ეწვია. მარკეტზე 30-მდე მეტ კომპანიასა და ინდმეწარმეს ჰქონდა საკუთარი პროდუქცია გამოტანილი.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა მარკეტზე წარმოდგენილი ქართული პროდუქცია, ესაუბრა მეწარმეებს და რამდენიმე სახეობის, სხვადასხვა ქართული პროდუქტიც შეიძინა.
ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გამართული მარკეტის მიზანი ქართველი მეწარმეების და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა. მარკეტზე წარმოდგენილია ჩვენს ქვეყანაში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა, მათ შორის სუვენირები, სამოსი, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, აქსესუარები და სასურსათო პროდუქცია. მარკეტი მეიდანზე 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
***

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რადგან ის ძალიან წარმატებულია

თითქმის ყველა მეწარმეს შევხვდი, ვინც აქ არის წარმოდგენილი და ვნახე, რომ მათ ნამდვილად აქვთ გაყიდვები. ამ ადამინებს არაერთი სამუშაო ადგილი აქვთ შექმნილი თავისი ნიჭით, თავისი მონდომებით და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დახმარებით. ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამას, რადგან ის ძალიან წარმატებულია და შესაბამისად, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მეწარმეებს, რომ მათი პროდუქციის პოპულარიზაცია მოხდეს“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მეიდანზე ქართული სამეწარმეო მარკეტის დათვალიერების შემდეგ. მარკეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით ეწყობა და მასში, ძირითადად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები მონაწილეობდნენ.

„მიმდინარე გამოფენა-გაყიდვაზე 30-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც ძირითადად „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარები არიან. მარკეტის გამართვის ამოცანა, რა თქმა უნდა, საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციაა. წელს ძალიან კარგი ადგილი გვაქვს შერჩეული, რომელიც ტურისტებისთვის არის ძალიან მიმზიდველი,” - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 344 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 850 მლნ ლარზე მეტია. საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში 436 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით უკვე შეიქმნა 13,000- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

ბეჭდვა