საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის
საკითხები განიხილეს დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ლი სიაოპენმა შეხვედრაზე, რომელიც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის ფარგლებში შედგა.
აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი პირველი მაღალი რანგის თანამდებობის პირია საქართველოდან, ვინც ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტვირთბრუნვის გაზრდაში აღმოუჩენს მხარდაჭერას. ასევე განხილული იყო ორმხრივი და რეგიონული მნიშვნელობის თანამშრომლობის მიმართულებები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა "სარტყელისა და გზის" გლობალური ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობაზე.
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს გულთბილი დახვედრისა და ორმხრივად ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მან ჩინელი კოლეგა 2018 წლის სექტემბერში, ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე მოიპატიჟა.
