ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი ინიციატივების შედეგად, ქვეყანაში მეწარმეობა
წახალისდება და დამატებით სამუშაო ადგილები შეიქმნება, ასევე გამარტივდება საგადასახადო ადმინისტრირება.
ამის შესახებ ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან ახალ საგადასახადო ინიციატივებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ინიციატივების შედეგად, ჩაიყრება მნიშვნელოვანი საფუძველი, რათა კიდევ უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნას მოზიდულ ეროვნულ ეკონომიკაში.
„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული პროექტები არის ნოვატორული ხასიათის და შესაბამისად, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ასეთი მაღალი დონის საგადასახადო სიმარტივეს შეთავაზებს გადასახადის გადამხდელებს. თითოეული ჩვენი ინიციატივის უკან, დგას ერთი მთავარი მიზანი: საქართველოში დავამარცხოთ სიღარიბე და მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
