დიმიტრი ქუმსიშვილი: დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ისტორიულ მაქსიმუმზეა
 დიმიტრი ქუმსიშვილი: დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ისტორიულ მაქსიმუმზეა
12:41 13.03.2018
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი გასულ წელს, რომელიც 2016 წლის მონაცემს 16 პროცენტით აღემატება, ისტორიული მაქსიმუმია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორზე, როგორიცაა რეინვესტირების ზრდა, რომელმაც წინა წელთან შედარებით 129-პროცენტიანი მატება აჩვენა და 700 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
„პირველ რიგში, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ესტონური მოდელი, რომელიც 2017 წლის პირველი იანვრიდან დაინერგა, რეალურად მუშაობს. გასულ წლებში საშუალოდ რეინვესტირება ქვეყანაში დაახლოებით 300 მლნ დოლარის ფარგლებში ხორციელდებოდა. შესაბამისად, სხვაობა 2017 წლის მაჩვენებელთან, არის ის თანხა, რომელიც ჩვენი ქვეყნიდან შეიძლებოდა გასულიყო. კომპანიებმა, რომლებმაც მოგება ნახეს, მიიღეს გადაწყვეტილება, მოგება საქართველოში დატოვებინათ და მოეხდინათ რეინვესტირება, შეექმნათ ახალი სამუშაო.
რატომ არის სასიხარულო ინვესტიციები? მას მოყვება ცოდნა, ინოვაციები, ახალი სამუშაო ადგილები და სწორედ ამ მიმართულებით არის სასიხარულო ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინვესტიციების ზრდაზე. ეს არის პირდაპირი ასახვა ჩვენს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის შემცირებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ვალუტის სტაბილურობას.
ჩვენ ვართ რეკორდულ მაქსიმუმზე. ამ რეკორდული მაქსიმუმიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი რეფორმები მუშაობს. რეფორმა რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ახლა იკრებს ინერციას. როგორც გათვლილი გვქონდა, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ეს რეფორმა გაცილებით მეტ გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე და კუმულატიურად ჩვენ დიდ ეფექტს მივიღებთ როგორც სამუშაო ადგილების შექმნაში, ასევე ეკონომიკურ ზრდაში“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ბეჭდვა