წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების
მოცულობამ გასულ წელს 1861.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 38.2 პროცენტი შეადგინა.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, გასული წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 54.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით გვიჩვენებს სექტორული დიაგრამა #3. პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 25.9 პროცენტით, მეორეზე - თურქეთი 15.0 პროცენტით, ხოლო მესამეზე - გაერთიანებული სამეფო 13.4 პროცენტით.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2017 წელს 60.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 527.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28.3 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 304.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობა 294.6 მლნ. აშშ დოლარით.
