ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, თავდაცვისა
და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით ,ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრები გამართა.
დელეგაციის წევრები ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს როუზ გოტემოლერს, ასევე ნატოში ლიტვის, გერმანიისა და თურქეთის ელჩებს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს ჯეიმს აპატურაის და ალიანსის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ.
შეხვედრების ფარგლებში საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, თავდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები და ალიანსის მოახლოვებული სამიტი საკითხები იქნა განხილული.
შეხვედრებზე მსჯელობის ერთ-ერთი მთავარ საკითხს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება წარმოადგენდა. მონაწილეებმა განიხილეს ცხინვალის ე.წ. იზოლატორში უკანონოდ დაკავებული არჩილ ტატუნაშვილის საეჭვო ვითარებაში დაღუპვის საკითხი და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო ქმედებებზე პირდაპირი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
ნატოსა და მოკავშირე ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ქვეყანა გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში გაწევრებისთვის.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს გიორგი ვოლსკი, ირაკლი ბერაია, ბექა ოდიშარია, ცოტნე ზურაბიანი და სერგი კაპანაძე დაესწრნენ.
