აუქციონზე შეძენილი ქონების შესახებ განკარგულება ელექტრონული სახით გაიცემა
აუქციონზე შეძენილი ქონების შესახებ განკარგულება ელექტრონული სახით გაიცემა
11:02 23.02.2018
სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მომხმარებლებს კიდევ ერთ ინოვაციურ სერვისს სთავაზობს.
ამჯერად, დაინტერესებული პირებისათვის ვებგვერდ eAuction.ge-ზე ქონების შეძენა/გაფორმების პროცედურები გამარტივდა.
როგორც ფინანასთა სამინისტროში განმარტავენ, პირი, რომელიც ელექტრონულ აუქციონზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ ქონებას შეიძენს, გამარჯვებისთანავე მიიღებს შეტყობინებას, განკარგულების და სხვა თანდართული დოკუმენტის ელექტრონულად მიღებისა და ჩამოტვირთვის შესაძლებლობის შესახებ.
მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება, დაეთანხმოს დოკუმენტის ელექტრონული წესით მიღებას ან კვლავ ეწვიოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და იუსტიციის სახლებში და დოკუმენტი ხელზე, მატერიალური სახით ჩაიბაროს.
ქონების შემძენი, დოკუმენტის ელექტრონულად მიღების შესახებ შეტყობინების დათანხმების შემთხვევაში, მოგებულ ლოტზე დოკუმენტაციის ატვირთვის შესახებ ინფორმაციას მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს. ამასთან, შესაძლებლობა ექნება, eAuction.ge-ს პირად გვერდზე ჩამოტვირთოს დოკუმენტაცია, რომელიც ჩამოტვირთვისთანავე მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება.
პროექტი სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან თანამშრომლობით განახორციელა. აღნიშნული სერვისი ინოვაციურია და ორიენტირებულია მომხმარებელთა დამატებითი ხარჯებისა და დროითი რესურსების დაზოგვაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 2 601 601

ბეჭდვა