პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის
განცხადებით, თბილისის ფორუმზე საფუძველი ჩაეყრება ახალი მარშრუტების განვითარებას, რაც ქვეყნებს კიდევ უფრო დააკავშირებს ერთმანეთთან.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა საერთაშორისო საავიაციო ფორუმის CONNECT 2018-ის ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აღნიშნული ფორუმის საიუბილეო მე-15 ღონისძიებას, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, მსოფლიოს 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. აღნიშნული მასშტაბური ფორუმი ყოველწლიურად ევროპის რომელიმე ქვეყანაში ტარდება.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფორუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კავშირების გაღრმავებაში, ხელს უწყობს ადამიანებსა და ბიზნესებს მოიძიონ ახალი დანიშნულების ადგილები დასვენებისა და ბიზნეს-საქმიანობისთვის, ეხმარება ქალაქებსა და ქვეყნებს ტურისტების მოსაზიდად უფრო ეფექტური და ხელსაყრელი გზები მოიძიონ.
„საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს. ეს დიდი ისტორიის მქონე და სტუმართმოყვარე ქვეყანაა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეგიონს აკავშირებს ერთმანეთთან. ვინაიდანგეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას მიზიდულობის ცენტრად აქცევს, საჰაერო მიმოსვლა სულ უფრო ფართოვდებოდა როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მიმართულებით და ეს ტენდენცია მომავალში კიდევუფრო გაიზრდება. საერთაშორისო რუკაზე ისეთი ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა, როგორიც საქართველოა, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვინაიდან ასეთი ქვეყნები ხელს უწყობს საჰაერო მიმოსვლისზრდასა და ზოგადად, საავიაციო მრეწველობის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერი მიესალმა ფორუმში მსხვილი საავიაციო კორპორაციების მონაწილეობას და იმედი გამოთქვა, რომ მისი მსვლელობისას შესაძლებელი გახდება ახალი შესაძლებლობების განვითარება და შეთანხმება საინტერესო მარშრუტებზე.
