საქართველოს მთავრობას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ” დღეს შეთანხმებას მოეწერა ხელი.
როგორც „ნიუსპრესს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეთანხმების ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ გრანტის სახით 60 მლნ ჩინური იუანი - დაახლოებით 9.5 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა სოფლის მეურნეობაში მექანიზიის მხარდაჭერას მოხმარდება. იგი რიგით მეორე ჩინური გრანტია, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების ხელშესაწყობად მიიმართება.
შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ჩონგ ცვუანმა მოაწერეს ხელი.
„ჩინურ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმებით გამოყოფილი ფინანსური რესურსი საქართველოსთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას მოხმარდება, რაც რეგიონულ განვითარებას, სოფლად პროდუქტიულობის გაზრდას შეუწყობს ხელს“- განაცხადა დიმიტრი გვინდაძემ.
მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის ახალი პროგრამის - „მეტი სარგებელი ხალხს“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, რამაც სოფლის მოსახლეობის დასაქმების და მათთვის ბიზნესის კეთების ახალი შესაძლებლობების შექმნას უნდა შეუწყოს ხელი.
2005 წლიდან დღემდე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გრანტების სახით უკვე გამოყოფილია 220 მლნ იუანი- დაახლოებით 34.7 მლნ აშშ დოლარი და 30 მლნ იუანი - დაახლოებით 4.7 მლნ აშშ დოლარის ოდენობის 20 წლიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი, 10-წლიანი შეღავათიანი პერიოდით.
