საპროცედურო საკითხთა კომიტეტში პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს
საპროცედურო საკითხთა კომიტეტში პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს
17:35 16.02.2018
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული რამდენიმე კანონპროექტი განიხილა.

მესამე მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრების რომან კაკულიასა და ლევან კობერიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის მიერ წამყვანი და სავალდებულო დასკვნის წარმდგენი კომიტეტებისათვის პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების განხილვის ვადების გახანგრძლივებას ისახავს მიზნად.

რომან კაკულიას განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილება კომიტეტებს საშუალებას მისცემს ოპტიმალური დროის ფარგლებში განიხილონ ყველა ინიციატივა. შესაძლებელი გახდება ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან და ექსპერტებთან კონსულტაციების გამართვა. გაიზრდება კომიტეტების ინფორმირებულობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხი და ასევე, გაიზრდება კომიტეტების ეფექტიანობა პარლამენტის კანონშემოქმედებით და საზედამხედველო საქმიანობაში. კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

პირველი მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრის, რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტის მიხედვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიების პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

პროექტის განხილვისას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ისედაც ავალდებულებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს საანგარიშო მოხსენებით წარდგეს პარლამენტის წინაშე საშემოდგომო სესიაზე. ხოლო, თუკი პარლამენტი საჭიროდ ჩათვლის დამატებით მოიწვიოს პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში, კონსტიტუცია ამასაც არეგულირებს. შესაბამისად კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი აღნიშნულ კანონპროექტს.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კიდევ ერთი პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები ირინე ფრუიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი კახიანი, კახაბერ კუჭავა, გუგუგლი მაღრაძე, ეკა ბესელია.

პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას ისეთ მნიშვნელოვან კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის ზოგად ან ნაწილობრივ გადასინჯვას.

როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში განმარტავენ, პროექტი განსაზღვრავს შეხვედრების ჩატარების გეოგრაფიულ არეალს, სავალდებულოს ხდის პარლამენტის ვებგვერდზე შეხვედრების გრაფიკის გამოქვეყნებას და შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს საკუთარი მოსაზრებები მიაწოდონ საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას. დოკუმენტი ითვალისწინებს ასევე „ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს“ სახელის ცვლილებას, რითაც შესაძლებელი გახდება საბჭოს საქმიანობის არსის მარტივად გადმოცემა და საბჭოს სახელის მისადაგება ღია მმართველობის პარტნიორობასთან. კომიტეტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა დღეს ასევე იმსჯელა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე, რაც საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქციის შექმნით არის გამოწვეული.

გიორგი კახიანმა კოლეგებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია დელეგაციების ძირითად და სათადარიგო შემადგენლობებში ფრაქციების მიხედვით წევრთა რაოდენობის შესახებ.

დამატებითი კონსულტაციების გამართვის მიზნით საკითხთან დაკავშირებული კენჭისყრა გადაიდო.


ბეჭდვა