პარლამენტის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი
საგადასახადო ინიციატივა დროულია, რადგან ახლა მცირე ბიზნესს მაქსიმალური ხელშეწყობა სჭირდება.
ამის შესახებ იონათამიშვილმა აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააჟღერა და რომლის მიხედვითაც მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება.
„მივესალმები და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მთავრობის ახალ საგადასახადო ინიციატივას. ჩვენი თანამოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, უსაფრთხოების საკითხებთან ერთად იყო და არის ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი.
აღნიშნული ინიციატივა არის დროული, რადგან სწორედ დღეს გვჭირდება მცირე ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს და ეს ცვლილებები თითოეულ მოქალაქეზე დადებითად აისახოს.
ახალი ინიციატივით 5-ჯერ იზრდება წლიური ბრუნვის ზღვარი და ამავე დროს, 5-ჯერ მცირდება გადასახადი მცირე მეწარმეებისათვის. ამ ცვლილებებით დაახლოებით 120.000 მეწარმე ნახავს რეალურ შეღავათს. მათი მოგება გაიზრდება, გაუმჯობესდება სამუშაო გარემო და შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები“- განაცხადა იონათამიშვილმა.
