სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა დადებითად შეაფასა
სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა დადებითად შეაფასა
10:41 08.02.2018
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც ვერა მერსედეს მარტინი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფრანსუა პეშო.

შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში და ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციები. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სავალუტო ფონდის მისიის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება გაცილებით უკეთესია იმ პროგნოზებთან შედარებით, რომლებიც ფონდის მისიამ გასული ვიზიტისას გააკეთა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელთა განხორციელებასაც სავალუტო ფონდის პროგრამა ითვალისწინებს, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან სამოქმედო გეგმას ეფუძნება. ფონდის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს პროგრამით გათვალისწინებულ სტრუქტურულ რეფორმებს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარების შესაფასებლადაა ჩამოსული. ვიზიტის ფარგლებში, ისინი შეხვდებიან საქართველოს ხელისუფლების, აგრეთვე კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

ბეჭდვა