გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში სათამაშოების გამოფენაზე “Spielwarenmesse 2018”, რომელიც
31 იანვრიდან-4 თებერვლის ჩათვლით გაიმართება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით სამი ქართული კომპანია - შპს „კოდალა“, შპს „ჯეოთოიზ“ და შპს „თამაშობანა“ მიიღებს მონაწილეობას.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, სათამაშოების წარმოების კუთხით ეს ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 60 ქვეყნიდან, 2850-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 73 000-ს შეადგენს.
სათამაშოების გამოფენაზე - “Spielwarenmesse 2018” მონაწილეობის მიზანი ქართული კომპანიების ხელშეწყობა და უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან და დამკვეთებთან ბიზნესკავშირების დამყარებაა.
უწყების ცნობითვე, „აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
