საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა იური ლიანკამ „საბაჟოს სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
მხარეების განცხადებით, შეთანხმება ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს გაამარტივებს და ხელს შეუწყობს საქონლის თავისუფალ გადაადგილებას, რაც ორ სახელმწიფოს შორის არსებულ სავაჭრო ბრუნვას გაზრდის. 2009-2011 წლების განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 34 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.
შეთანხმების ფარგლებში ქვეყნები ერთმანეთს საბაჟო კანონმდებლობის აღსრულებისა და საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებიან.
ასევე, მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან საბაჟო ინფორმაციას, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის საგადასახადო-საბაჟო ადმინისტრირების გამარტივებას.
როგორც ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ჟურნალიტებს განუცხადა, საქართველოსა და მოლდოვას შორის სამი ძირითადი საკითხია განსახილველი - ეკონომიკური თანამშრომლობა, ვაჭრობა და ინვესტიციების გაფართოება.
„აღნიშნული ხელშეკრულება პირდაპირ ემსახურება ინვესტიციების წახალისებას. ჩვენი ურთიერთობა მოლდოვასთან დინამიურად ვითარდება, როგორც ეკონომიკური, ისე საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თანხვედრის თვალსაზრისით“ - განაცხადა გვინდაძემ.
როგორც მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში მხარეებს შესაძლებლობა აქვთ განიხილონ პოლიტიკური საკითხები, ასევე, ეკონომიკური განვითარების, ვაჭრობის და რეგიონალური მნიშვნელობის თემები.
