დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში 10 წლის განმავლობაში 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში 10 წლის განმავლობაში 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება
12:39 29.12.2017
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს ეწვია.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დაათვალიერა საქართველოს ენერგოსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული მართვის ფარი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, პირველია კავკასიის რეგიონში და პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო ინფორმაციას კომპანიის, მისი საქმიანობის, განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ.
„საახალწლოდ და არამარტო საახალწლოდ ელექტროენერგიით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია. მე ვესტუმრე ჩვენი ქვეყნის მთავარ სადისპეჩეროს, სადაც მივიღე სრული გარანტიები, რომ ახალ წელს ვიქნებით ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ ბოლო 5 წლის განმავლობაში პრაქტიკულად 700 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა იმისთვის, რომ ქვეყნის ელექტრომომარაგება და მისი სისტემა ყოფილიყო მდგრადი და ასევე გაზრდილიყო სატრანზიტო ფუნქციები.

„შემდეგი 10 წლის განმავლობაში მინიმუმ 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება მხოლოდ ძირითად ინფრასტრუქტურაზე, რამაც ჰიდრო და სხვა ელექტროსადგურებში დამატებით 5-6 მლრდ ევროს ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა უნდა წარმოქმნას“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



ბეჭდვა