თბილისში ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი უბანი გაშენდება. პროექტი მოსახლეობას საქართველოს პრემიერ მინისტრმა
ვანო მერაბიშვილმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ წარუდგინეს.
როგორც მერაბიშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტით 3000-მდე ადამიანი დასაქმდება და საქართველოში უმუშევართა როდენობა ამავე რიცხვით შემცირდება.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის განხორციელებით 3000 ოჯახით შემცირდება სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა და ეს იქნება დიდი წვლილი იმ საქმეში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. მზად ვარ ნებისმიერ ინვესტორებს იმდენი მადლობა გადავუხადო, რამდენ ადამიანსაც დაასაქმებენ ისინი. 3000 მადლობას ვუხდი ჩვენ ჩინელ მეგობრებს, იმისთვის რომ შექმნეს 3000 სამუშაო ადგილი“- განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ გაცილებით უფრო მეტი მოქალაქე დასაქმდება იმ სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში, რომლებიც ვაზისუბანში უახლოეს მომავალში აშენდება.
„მე აქ დავინახე 16 წლის ახალგაზრდა, რომელიც კონდიცირების სპეციალისტია. აქვე შევამჩნიე ყველაზე ასაკოვანი მშენებელიც. სიმბლურია, რომ ამ მშენებლობაზე დასაქმებულები არიან 16 და 68 წლის მამაკაცები, რადგან ჩვენი ამოცანაა მივცეთ საშუალება არამარტო ახალგაზრდებს, არამედ საშუალო ასაკის პირებს და ხანშიშესულებს დასაქმდნენ და საკუთარ ოჯახებში შემოსავალი შეიტანონ“- განცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ნებისმიერი სახელმწიფო მოხელის პროექტი იმის მიხედვით შეფასდება, თუ რამდენად შეამცირებს იგი უმუშევართა რიცხვს.
„ნებისმიერი პროექტი, ნებისმიერი მოხელის ქმედება ჩემს მიერ შეფასებული იქნება ერთი კრიტერიუმით - თუ რამდენი ადამიანი დასაქმდა. ნებისმიერი მოხელე, რომელიც დაგეგმავს პროექტს, მისი საქმიანობის წარმატება შეფასებული იქნება იმის მიხედვით, თუ რამდენად შეეწყო ხელი უმუშევრობის შემცირებას“- განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი ყოველდღიურად შემცირდეს.
