მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია მუშავდება
 მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია მუშავდება
14:19 20.12.2017
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უკვე გამოცხადებულია ინტერესთა მოწვევა საქართველოში 2 ლოგისტიკური ცენტრის შექმნაზე, სადაც განხორციელდება დაახლოებით 170 მილიონი დოლარის ინვესტიცია და დასაქმდება 800 ადამიანი.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ტრანსპორტის სფეროდან დამატებითი ღირებულების შესაქმნელად, რეგიონების ერთმანეთთან დასაკავშირებლად და ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის გასაზრდელად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლოგისტიკური ცენტრების განვითარება“- განაცხადა ქუმსიშვილმა.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, უკვე არსებობს საქართველოში ორი თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. დოკუმენტი ცნობილმა გერმანულმა კომპანია Dornier Consulting International-მა მოამზადა. ამ კვლევის საფუძველზე გამოცხადებულია ინვესტორთა მოსაზიდად ღია ტენდერი.
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შესაბამისად შეირჩა 2 საუკეთესო ლოკაცია - აღმოსავლეთ საქართველოში (თბილისის ლოგისტიკური ცენტრი, კუმისში) და დასავლეთ საქართველოში, ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ (ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრი). ასევე, მომზადდა თითოეული ლოგისტიკის ცენტრის კონცეპტუალური დიზაინი, ბიზნესმოდელი, გაკეთდა ბაზრის ანალიზი და სოციალური და გარემოზე ზემოქმედების შეფასება.
აქვე აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დასრულების სტადიაზეა საქართველოს ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიისა (2017-2026) და მისი სამოქმედო გეგმის (2017-2020) შემუშავება. დოკუმენტს ცნობილი ფრანგული საკონსულტაციო კომპანია ,,EGIS International“-ი ამზადებს.
სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. დოკუმენტის მიღება დაგეგმილია მომავალ წელს.

ბეჭდვა