ბერნში, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამავლობით, საქართველოს მხარესა და შვეიცარულ
კომპანია SGS (Société Générale de Surveillance SA)-ს შორის მოლაპარაკების დასკვნითი რაუნდი გაიმართა.
საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა და დელეგაციაში შედიოდნენ საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოლაპარაკების დასასრულს, საქართველოს შემოსავლების სამსახურმა ხელი მოაწერა შესაბამის კონტრაქტს კომპანია SGS-თან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგი.
2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციისათვის, საჭიროა, რომ ასევე რუსეთის მხარემ ხელი მოაწეროს ანალოგიურ კონტრაქტს შვეიცარულ კომპანიასთან და შესაბამისად, მხარეებმა დაიწყონ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
