თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ თბილისის აეროპორტის მიმდებარე
ტერიტორიაზე მორიგი ინვესტიცია განახორციელა.
„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ტერმინალის მარჯვენა მხარეს, 3 845 კვადრატული მეტრის ფართობზე, ახალი ავტოსადგომი აშენდა, რომელიც დამატებით 192 მანქანას მოემსახურება.
როგორც კომპანია აცხადებს, ბოლო წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომატებული მგზავრთა ნაკადის გამო, ძირითადი ავტოსადგომი, რომელიც 370 ავტომანქანას იტევს, პიკის საათებში გადატვირთული იყო. „ტავ ჯორჯიამ“ ავტოსადგომის გაფართოება სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.
„საქართველოში ჩამოსული მგზავრებისა და ტურისტების რაოდენობა ყოველთვიურად საგრძნობლად იზრდება, ამიტომ აეროპორტში არსებული ავტოსადგომი ყველა მომხმარებელს ვეღარ აკმაყოფილებდა. 3 თვეში ახალი ავტოსადგომი ავაშენეთ, რომელიც მაღალტექნოლოგიური სისტემით არის აღჭურვილი და ყველა თანამედროვე სტანდარტს შეესაბამება. „ტავ ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული ეს ინვესტიცია ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და მეტ ადამიანს დაასაქმებს“ - განაცხადა „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.
განახლებულ ავტოსადგომს 2 შესასვლელი და 2 გასასვლელი აქვს. ელექტრონული ბარიერის გავლისას მომხმარებელი მომსახურების საფასურს, სპეციალურ ჯიხურში გადაიხდის.
