პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის
განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოში რეინვესტირების მონაცემი საშუალოდ 200 მლნ-დან 300 მლნ დოლარამდე მერყეობდა.
მისივე თქმით, აღნიშნული მაჩვენებლის ზრდაზე გავლენა იქონია საქართველოში ბიზნეს-მეგობრული ფისკალური რეფორმის გატარებამ, კერძოდ, მოგების გადასახადის რეფორმამ.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, რომელმაც მიმდინარე ეკონომიკური პარამეტრები შეაჯამა, რეინვესტირების გაზრდილ მაჩვენებელზეც გაამახვილა ყურადღება.
მისი განცხადებით, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კერძო სექტორიდან ბიზნესში 318 მლნ აშშ დოლარი იყო რეინვესტირებული, მიმდინარე წელს კი - 591 მლნ აშშ დოლარი, რაც, პრაქტიკულადგაორმაგებას ნიშნავს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა ბრუნვასა და გამოშვებაზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს 9 თვეში კერძო სექტორში ბრუნვა გაზრდილია 19 პროცენტით, გამოშვება კი- 23 პროცენტით.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ახალი კომპანიების რეგისტრაციის მაჩვენებელზე და ეს მაჩვენებელი დადებითად შეაფასა. მისი თქმით, 2017 წლისოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 48,5-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა და ჯამში 5 468 კომპანია დარეგისტრირდა.
