თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში სასტუმრო „ბილტმორ“-ში გაიმართება პანელი:
გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები (მე-2 სესია: საქართველო - რეგიონალური საზღვარი გლობალური ინვესტიციებისათვის), რომელსაც მოდერატორობას გაუწევს ცნობილი მედიაკონსულტანტი იან ბიურელი. პანელში მონაწილეობას მიიღებენ „ანაკლია-სითი“-ს აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი, ევროპის საინვესტიციო ბანკის ევროკავშირის მეზობელი ქვეყნების საკრედიტო ოპერაციების დირექტორი ფლავია პალანზა, საერთაშორისო სასტუმრო ქსელის „მარიოტის“ ვიცე-პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპაში პანკაჯ ბირლა, კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯია"-ს (AGL) აღმასრულებელი დირექტორი პრაშანტ ჯოში, ევროპის, შუა აღმოსავლეთის, ინდოეთისა და აფრიკის პროექტის ფინანსებისა და ინფრასტრუქტურის ჯგუფის უფროსი რიჩარდ ტოლისი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა.
პანელი 11:15 საათზე დაიწყება.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს, ტარდება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი. 2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის აბრეშუმის ფორუმის გაგრძელებაა და წარმოადგენს მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესის ბიზნესთან დიალოგის და, ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების პლატფორმას. 2017 წლის აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად თბილისში ჩამოდის 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი.
პანელი მოხსენებების შემდეგ დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდება, ამასთან მონაწილეები უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს. პანელზე მოხდება შემდეგი საკითხების განხილვა: საქართველო - სატრანზიტო დერეფანი; საქართველო - ეკონომიკური ცენტრი; საქართველო - მზარდი ბაზარი; საქართველო - ახალი ბიზნეს ჰაბი. ღონისძიება ხელს შეუწყობს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ წარმოჩინდეს როგორც რეგიონალური სატრანზიტო დერეფანი. ამასთან, საქართველო, ევროპისა და აზიის დაკავშირებით, გამოჩნდება, როგორც ბუნებრივი ჰაბი ეკონომიკური კავშირებისათვის, რაც ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობითაა განპირობებული.
ზოგადი ინფორმაცია
გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საქართველოს სატრანსპორტო ეკონომიკამ შეიძლება ისარგებლოს დიდი სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვით, მზარდი ეკონომიკებისა და სახმელეთო რესურსებით. საქართველოს აქვს სატრანზიტო შესაძლებლობებზე დაფუძნებული ეკონომიკა, ტრადიციული 45-დღიანი მარშრუტისგან განსახვავებით, ჩინეთიდან ევროპამდე საქართველოს გავლით ტვირთვის გადაზიდვა შესაძლებელია 7-9 დღეში.
საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ევროპა-აზიის გასაყარზე და მისი ბიზნეს-მეგობრული პოლიტიკა ხელსაყრელ გარემოს უქმნის კომპანიებს მათი საქართველოში საქმიანობისათვის და, ასევე, მათი პროდუქციისა და მომსახურების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მოხვედრას. ეკონომიკური და მარეგულირებელი გარემო მაქსიმალურად მორგებულია ბიზნესის საჭიროებებზე.
საქართველოს ღია საინვესტიციო პოლიტიკა, ბიზნეს-მეგობრული ეფექტური საჯარო სერვისები, დაბალი გადასახადები, ძლიერი რეგიონალური და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები (თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის და დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან) და სწრაფად განვითარებადი ინფრასტრუქტურა გადააქცევს ქვეყანას რეგიონში წამყვან ქვეყანად საინვესტიციო შესაძლებლობების თვალსაზრისით.
საქართველომ, ბოლო წლების განმავლობაში, მოიზიდა მილიარდობით პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს უცხოური კაპიტალის ქვეყანაში შემოდინებას - ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში შემოვიდა თითქმის 5 მილიარდი აშშ დოლარის ტოლი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.
საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ძლიერი კერძო სექტორის უზრუნველსაყოფად რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა:
1. ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმები (საგადასახადო რეფორმა, კაპიტალური ბაზრის რეფორმა, საპენსიო რეფორმა, კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა, სტარტაპებისა და მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობა და ა.შ.)
2. მმართველობის რეფორმა
3. საგანმანათლებლო რეფორმა
4. სივრცითი დაგეგმარების რეფორმა
